ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლა არა ერთპარტიული პარლამენტის დასრულება, არამედ მის ქართულ ოცნებაში გაწევრიანებას ნიშნავს.
ელენე ხოშტარია სამწუხაროს უწოდეს იმას, რომ "ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც ამომრჩეველ გაყალბებული არჩევნების და პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ ბრძოლის პირობა მისცა, შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.
ხოშტარია ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის განცხადებებს ეხმაურება - პარტია "მოქალაქეების" წევრებმა თქვეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთან საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება იქნება, ისინი პარლამენტში შევლენ. ელისაშვილი და იოსელიანი მოლაპარაკებების ჩაშლაში ევროპულ საქართველოს ადანაშულებენ და ამის მტკიცებულებად ფორმულას მიერ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული დოკუმენტის გამოქვეყნებას ასახელებენ.
"ალეკო და ლევანი რომ საუბრობენ, [საარჩევნო რეფორმაზე] რაღაც გამოვგლიჯეთო, ესეც ტყუილია. საარჩევნო რეფორმის გამოგლეჯა არ იყო გამოსავალი, ეს არ აგვარებს გაყალბებული არჩევნების პრობლემას, პოლიტიკური მძევლების გამოყვანის პრობლემას და კი არ განმუხტავს კრიზისს, ოცნებას უქმნის ლეგიტიმაციას.
როცა ადამიანებს მისცემ სიტყვას და მერე შეგიძლია, ეს სიტყვა გადათქვა, ეს არის პრობლემა. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში არ არის იმდენი მატყუარა პოლიტიკოსი, რომ კობახიძე ვერ შეძლებს ბინძური მეთოდებით ერთობის დაზიანებას და ცალკე აღებული ელისაშვილის პარლამენტში შესვლა არის არა ერთპარტიული პარლამენტის დასრულება, არამედ ალეკო ელისაშვილის ოცნებაში გაწევრიანება". - ამბობს ელენე ხოშტარია.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 8 დეკემბერს, ხელისუფლებასთან შეხვედრიდან გამოსული ელისაშვილი ამბობდა, რომ პარლამენტში არ შედის.
ელისაშვილი პირველია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, ვინც ღიად თქვა, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა პარტიები ამ დრომდე საჯაროდ კვლავ ბოიკოტს ემხრობიან იმ შემთხვევაში, თუ ყველასთვის მისაღები შეთანხმება არ შედგა. პარტიების უმრავლესობა შეთანხმების ნაწილად განიხილავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის დანიშვნაც შესთავაზა. ამ ეტაპზე ხელისუფლება არც ერთი ამ მოთხოვნის შესრულებას არ განიხილავს. საარჩევნო რეფორმა მოთხოვნების კიდევ ერთი ნაწილია - აქ მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეთანხმების მეტი სივრცეა.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე კი 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს. მხარეებს შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, შეხვედრები მიმდინარეობს.